მინიმალიზმი


მინიმალიზმი–როცა ყველაფერი მოკლედ ითქმის, იხატება, იწერება.

მივხვდი, რომ ზოგ ადამიანთან გახსნას ჯობს მინიმალისტი იყო ურთიერთობაში. გამარჯობა–გაგიმარჯოს და ცოტა ამის იქით, მეტი–არაა საჭირო. სამწუხაროდ, ამას გვიან მივხვდი, სანამ ფეხი არ წამოვკარი და დავეცი. თან მწარედ.

ვერ ვიტან ონლაინ კამათებს, ვერ ვიტან კლავიატურის ბიჭებს და საერთოდ, ვთვლი, რომ ფეისბუქი საქმის გარჩევის ადგილი არ არის, რაშიც, სამწუხაროდ, ზოგი არ მეთანხმება.

მეც მინიმალისტი ვარ. ერთადერთი რაღაც მინდა. მქონდეს იმაზე ცოტა მეტი, ვიდრე მჭირდება და ვიცხოვრო წყნარად. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მინდა ჩემი ადგილი ვიცოდე და არ მქონდეს უაზრო ამბიციები. მქონდეს ერთი, კონკრეტული საქმე და სამუშაო. შეიძლება, პატარა ვარ და უბრალოდ ვერ ვხვდები ჯერ იმას, თუ რა მელის და რისი კეთება მომიწევს მომავალში, რომ საკუთარი ადგილი დავიმკვიდრო, მაგრამ აქედანვე ვხვდები, რომ ეს ადვილი არ იქნება. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ჯერ ის მაქვს გასარკვევი, თუ რატომ ვარ აქ.

ჰო, ამ ბოლო დროს ისიც აღმოვაჩინე, რომ რამდენიმე ადამიანი საკმაოდ ანტიპათიურადაა ჩემ მიმართ განწყობილი. წესით, არ უნდა მაღელვებდეს, მაგრამ მაინც ცუდი შეგრძნებაა, როცა ამას თავის დროზე ვერ იგებ.

და ბოლოს, კიდე ერთ რაღაცას დავამატებ, სანამ ადამიანს ბოლომდე არ გაიცნობ, არ უნდა ენდო. სამწუხაროდ ამასაც ძალიან გვაინ მივხვდი…

Advertisements

იყო და არა იყო რა

ეს წიგნი ზღაპარივით იმიტომ იწყება, რომ ეს რომანი მართლა ზღაპარივით დაიწყო და რომანი კი იმიტომ ჰქვია, რომ ეს ამბავი სინამდვილეში სიყვარულის ისტორიაა.

როგორ შეიძლება რაღაც იყოს შენგან ძალიან ახლოს და ამავდროულად შორს. როგორ შეიძლება გეგონოს, რომ ერთ დღესაც, ასე მარტივად დამთავრდება ყველაფერი და გექნება ის, რისთვისაც ამდენი ხანია იბრძვი.

თითქოს სულ რაღაც 20 წელი გვაშორებს იმ ამბებიდან, რომლებიც ახლა ზღაპარივით გვეჩვენება, სინამდვილეში კი ეს ყველაფერი რეალურად მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ამბების შემდეგ დავიბადე, მაინც განვიცდი და მტკივა ის, რასაც ის ხალხი მაშინ განიცდიდა.

ზოგი მაშინ უკვე ზრდასრული ადამიანი იყო, ზოგი უკვე თვლიდა, რომ მისი დრო წავიდა, თვით წიგნის ავტორი, დათო ტურაშვილი , კი სტუდენტი იყო. სწორედ სტუდენტობის დროს არ არის ადამიანი ყველაზე კარგ ასაკში?! მისთვის კარგი დრო კი საქართველოსთვის ცუდი აღმოჩნდა, ალბათ ამიტომ არის მისთვის ეს ღიმილიანი მოგონებები სევდიანი.

,,თავისუფლებისთვის სულ ვიბრძვით და მოვიპოვებთ, მაგრამ ყოველთვის ვკარგავთ და მერე თავიდან ვიწყებთ”

და მე მინდა, რომ ეს ყველაფერი ისევ გრძელდებოდეს, ისევ ვიბრძოდეთ და არასოდეს გვბეზრდებოდეს თავისუფლების ძებნა. ისიც მინდა, რომ ავტორის სიტყვები გამართლდეს და ყველა მიხვდეს, თუნდაც გულის სიღრმეში მაინც, რომ თავისუფლებაზე ძვირფასი ამ სამყაროში მაინც არაფერი არსებობს…

მაშ ასე, თქვენს წინაშეა წიგნი თავისუფლებაზე, ომზე და სტუდენტობაზე. სტუდენტობაზე, რომელიც ყველაფრის მიუხედავად მაინც შედგა. სტუდენტობაზე, რომელთა ნაწილიც იმდროინდელ რეჟიმს შეეწირა. და მაინც, ეს ყველაფერი ერთი , თითქოს ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა…

კომბინაციები


მათემატიკაში ყველაფერი მარტივადაა. გაქვს მოცემული პირობა, გაქვს ფორმულა და ითვლი კომბინაციების რაოდენობას. აი, ცხოვრებაში კი მთლად რიგზე ვერაა ყველაფერი. გაქვს მინიმუმ 1 არჩევანი(მაქსიმუმ +∞), არ იცი, რომელია სწორი, რომელი მცდარი და რომელი მოგცემს ყველაზე კარგ შედეგს. არჩევნების რაოდენობა კი პრობლემის სირთულეზეა დამოკიდებული.
ახლა ზუსტად ეს პერიოდი მაქვს. Overthinking, რაც წელიწადში რამდენჯერმე მემართება, სტრესულ მომენტებში. არჩევნების რაოდენობა კი 3.
1) სწავლა
2) გადაწერა(რაც არამგონია გამოვიდეს)
3) სკოლიდან გადასვლა
რა თქმა უნდა, ყველა საქმე ბოლოსთვის მოვიტოვე და როგორც ყველა მოზარდი, მეც გამოცდებზე ვწუწუნებ. იტყვი, პირველია ყველაზე კარგი ვარიანტი, ადე, აქ რას უზიხარ და პოსტებს წერო… ჰო, სათქმელად ადვილია, მაგრამ ასე რომ ჯობს, მეც კარგად ვიცი.
სკოლის შეცვლა კი ძალაინ დიდი დარტყმა იქნება ჩემთვის. ბოლო 2 წლის სხვა სკოლაში გატარება ნამდვილად არ მინდა, ამიტომაც , თქვენ იფიქრეთ, თუ რატომ დავარქვი პოსტს ეს სათაური, მე კი ავდგები და ტრიგონომეტრიას გადავხედავ, იქნებ რამდენიმე ფორმულა მაინც დავიზეპირო.

პ.ს. ამ პოსტით მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმაზე, რომ 26 მაისის შემდეგ პოსტი არ დამიწერია. კიდევ იმაზე, რომ მინიმუმ 14 ივნისამდე ვერაფერს დავწერ. ძალიან მაკლიხართ და დიდი მადლობა იმ ხალხს, რომლებიც მეუბნებით, გული გვწყდება, შენს ბლოგზე რომ შემოვდივართ და ახალი არაფერი გვხვდებაო.