ყველას, ვისაც უყვარს


ყვავილები არასდროს მიყვარდა. რაღაც ისეთია, ვერ ვხვდები რატომ უნდა მოგწონდეს რაღაც, რაც ძალიან მალე ჭკნება და გადასაყრელი ხდება.
მენატრება? –აღარ.
ოღონდ ის არა, ვინც ყვავილებს მჩუქნიდა; ის, ვინც ყვავილებს მიხატავდა. ნახატი ხომ უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ნამდვილი ყვავილები.
ის არა, ვინც სიმართლეს მეუბნებოდა; ის, ვინც თურმე მატყუებდა.
ის არა, ვისი დახატვაც არასდროს მიცდია; ის, ვინც დავხატე და ეს ნახატი საუკეთესო იყო ჩემს ნახატებს შორის. შემდეგ ზემოთხსენებული ტყუილის შესახებ გავიგე და ისე დავანამცეცე ნახატი, რომ ვეღარ აღმედგინა.

იმდენი რაღაც მოხდა ჩემთან ამ ბოლო პერიოდში. განსაკუთრებით გამოვყოფდი ბიჭებთან დაკავშირებულ თემებს. ეს რაღაცები 1 წლის წინ რომ მომხდარიყო, ალბათ “დეპრესიაში” ჩავვარდებოდი და ტვინს წავიღებდი იმ გატკეპნილი სიტყვებით, რომ “უბედური ვარ”, “არავის ვუყვარვარ” და ა.შ. ახლა კი ძალიან ჩვეულებრივად გადავიტანე ეს ამბები და მოულოდნელად მომხდარი უსიამოვნებები. ალბათ ემოციების კონტროლი ვისწავლე. ან გავიზარდე..

ახლა კი არ ვიცი რა ხდება. თითქოს იდეალურს ვეძებ და ფლირტის შემდეგ ნაბიჯის გადადგმის მეშინია. არადა, მახსოვს სულ ცოტა ხნის წინ როგორი თამამი ვიყავი, როგორ შევიძინე ახალი თვისება–პირდაპირობა. ახლა კი მგონი ეს თვისება დავკარგე. რა მჭირს, მე თვითონაც ვერ ვხვდები, ყოველთვის ვიღაცა მომწონდა და “შეყვარებული ვიყავი”. 1 თვეა საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ, იმედია, გამივლის..

ეს კი თქვენ, ვინც სათაურმა დაგაინტერესათ და იმიტომ შემოხვედით.
თქვენ, რომელმაც პოსტი ჩაიკითხეთ და ახლა ისევ თავიდან წაიკითხეთ სათაური.
ყვავილები ტვინში, აბა პეპლები მუცელში ხომ ზედმეტად მეინსთრიმია :დ
თქვენ, ვისაც უბრალოდ გიყვართ..

Advertisements

ტყუილი


უკვე მეორედ აღმოვჩნდი ისეთ სიტუაციაში, როდესაც ტყუილის გამო ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი. ალბათ ეს ჩემი ბრალიცაა, ადამიანებს ძალიან ადვილად და მოკლე დროში ვეჩვევი. ვეჩვევი ისეთ ადამიანებს, რომელთანაც წესით საერთო არაფერი უნდა მქონდეს. ვეჩვევი და მგონია, რომ ისინიც ისევე შემეჩვივნენ, შემდეგ არის ნდობა. მივხვდი იმასაც, რომ საკმაოდ მიმნდობი ვარ. ვენდობი ადამიანს და მგონია, რომ საპასუხოდაც იგივეს მივიღებ. ხომ გაგიგიათ, “როგორიც ხარ, ყველა ისეთი გგონია”.

ამ ბოლო დროს უკვე ზედმეტად ხშირად ვიძლევი რჩევებს. თითქოს 16 წელიწადში საკმარისი გამოცდილება დავაგროვე. არაფერი, ერთი ჩვეულებრივი თინეიჯერი ვარ, სულ ოდნავ უცნაური და განსხვავებული. მაგრამ მაინც მინდა, რომ რაღაც გირჩიოთ. არასდროს ენდოთ ადამიანს ბოლომდე, სანამ ძალიან კარგად არ გაიცნობთ.

არა, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ მეთვითონ არ ვარ მატყუარა. ხანდახან უაზრო წვრილმანებს ვიტყუები ხოლმე, მაგრამ ყოველთვის მაქვს რაღაც პატარა მიზეზი ამ ტყუილებისთვის. როგორც ჰაუსი იტყოდა “Everybody Lies” მაგრამ არ მახსოვს, რომ რაიმე სერიოზული მომეტყუებინოს და შემდეგ ამ ტყუილით ვინმეს გული ტკენოდეს.

მე არ ვარ ანგელოზი. მე ვიტყუები, ისევე როგორც შენ და ყველა ჩვენ გარშემო. მაგრამ მოდი, ვცადოთ, რომ აღარ მოვიტყუოთ, მითუმეტეს ისე, რომ მერე ამ ტყუილს ცუდი შედეგები მოყვეს…