სამი სტუდენტის ამბავი


ის დილით ძალიან ადრე დგება. მაშინ, როდესაც გარეთ ჯერ კიდევ ბნელა. სცივა, მაგრამ უკვე ამასაც აღარ აქცევს ყურადღებას. საწოლის ჭრიალსაც მიეჩვია უკვე. ნაქირავებ ოთახში სივიწროვეა, მაგრამ ამასაც იტანს. თბილისის ერთ–ერთი გარეუბანი ნელ–ნელა იღვიძებს, ის კი უკვე გზაშია და უნივერსიტეტისკენ მიდის. მისი ჩაცმულობა ბევრისთვის მიუღებელია, ზოგი ამასთან დაკავშირებით პროტესტის ხმამაღლა გამოთქმას არ ერიდება. მას კი არ ესმის, ან ესმის და არ უნდა, რომ გაიგონოს, ან უკვე მიეჩვია…
ის ერთი ჩვეულებრივი უცხოელი სტუდენტია, რომელმაც საქართველოში გადაწყვიტა განათლების მიღება.

ისიც ადრე დგება დილით, მასაც სცივა და მის ოთახშიც სივიწროვეა. ცდილობს, პატარა ძმები არ გააღვიძოს და ჩუმად გადის სააბაზანოში. ძველ ჩანთაში წიგნებს დებს და უნივერსიტეტში მიდის. მასაც დიდი გზა აქვს გასავლელი. ესმის, როგორ ჭორაობენ მასზე გამოპრანჭული გოგონები და ერთმანეთს ახალ მაისურებს აჩვენებენ. მას კი დიდი ხანია ახალი არაფერი უყიდია. ძველ სათვალეს წმენდს და გადაქსეროქსებულ წიგნში იყურება. მეცადინეობას გულს ვერ უდებს და ისევ ავტობუსის ფანჯრიდან იხედება. ცდილობს, უნივერსიტეტზე არ იფიქროს. სწავლის საფასურის გადახდის ვადა მალე იწურება, მას კი წარმოდგენა არ აქვს, საიდან უნდა მოიტანოს ამდენი ფული.
ისიც ერთი ჩვეულებრივი სტუდენტია, რომელსაც გრანტი არ აქვს, მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და განათლების მიღება უნდა.

მისთვის კი ძილი უკვე იშვიათობაა. ღამეებს კითხვაში ათენებს და ასე ცდილობს ავარიაზე არ იფიქროს. ხანდახან თვალი ფანჯრისკენ ეპარება, გული ვერ უთმენს და ცდილობს, ახლოს მივიდეს და ჯერ კიდევ ჩუმ ქუჩას შეხედოს. ინვალიდის ეტლს ფანჯრის რაფა უშლის ხელს. ვინ იცის, უკვე მერამდენედ იხევს უკან და ისევ შორიდან უყურებს მის წინა კორპუსს. უკვე თითქმის გათენდა, დედას ფრთხილად აღვიძებს და ეუბნება, რომ უკვე დროა. დედაც დგება და ცოტა ხანში უკვე გზაში არიან. უნივერსიტეტთან სწავლის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მიდიან.არ უყვარს ხალხმრავლობა, რადგან ძალიან აღიზიანებს სხვა სტუდენტების გაოცებული სახეები და სიბრალულით სავსე თვალები. აუდიტორიაში დედას შეყავს და ემშვიდობება. ისევ წიგნს შლის და ისევ ცდილობს უმოძრაო ფეხებზე არ იფიქროს.
ისიც სტუდენტია, ისიც ჩვეულებრივი და მასაც აწუხებს ერთი დიდი პრობლემა: დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს ხალხით სავსე უნივერსიტეტში.

ისინი ერთმანეთს ყოველდღე ხვდებიან. სამივეს გამოუძინებელი თვალები აქვს. არავინ იცის, ამჩნევენ თუ არა ერთმანეთს. არც ის იცის არავინ, ერთმანეთის პრობლემებზე თუ იციან ან თუ გრძნობენ რამეს. ფაქტი კი ერთია, უნივერსიტეტში ათასობით ბავშვია, აქ კი მხოლოდ სამი მათგანის ამბავია. შეიძლება, რომელიღაც სტუდენტს მათზე დიდი პრობლემა აქვს და ამას ვერ ამბობს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა სტუდენტების რეაქციის ეშინია…

Advertisements

13 thoughts on “სამი სტუდენტის ამბავი

  1. არ მეგონა შენ თუ ასეთ რამეს წერდი… პირველი პოსტია რომელიც წავიკითხე და ველქამთქო მაინც მითხარი :დდ

  2. ძალიან მომეწონა..
    ყველაზე მეტად იმან გამაოგნა ადვილად და მარტივად რომ გაქვს მთელი იდეა მოქცეული პოსტში. კარგი ხარ იბი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s