ყველაფერი კარგად იქნება

ვინც მიცნობს, ან ჩემ ბლოგს კითხულობს, ყველამ იცის, თუ რა შორს ვარ ისეთი დიფ და ბანალური ფრაზებისგან, მაგრამ ახლა სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.

გუშინწინ გრიშამ წიგნი მაჩუქა. ახლა ვკითხულობ და ძალიან მაგარი წიგნია; არადა, ჩემით რომ მენახა ეს წიგნი, ალბათ არც ვიყიდდი(წიგნების ყდით და სათაურით არჩევას უნდა მოვეშვა ;დ).

გუშინ საბოლოოდ გადაწყდა, რომ სტამბულში მივდივარ აგვისტოში. არა, კონცერტებზე არა(სამწუხაროდ), ბანაკში მივდივარ 10 ან 14 დღით ჩემ 2 ბავშვობის მეგობართან ერთად. დილიდანვე აღფრთოვანებული ვიყავი ამ ამბით და სხვა არაფერი მახსოვდა.

გუშინ მეორედ ვიყავი ჩემი მეგობრის სპექტაკლზე: “ჯინსების თაობაზე”. ჩემი ამ წიგნისადმი დამოკიდებულება ნეიტრალურია: არ ვგიჟდები, მაგრამ მომწონს. 2 დღის წინ სტატუსად დაწერა პოპიმ, დათო ტურაშვილი მოდის ჩვენთან სპექტაკლზეო. ერთხელ უკვე გავუშვი შანსი ჩემი საყვარელი მწერლის ნახვის და მეორედ ამას ვერ ვაპატიებდი საკუთარ თავს. სპექტაკლის შემდეგ დათოსთან მივედი და ვუთხარი, რომ მხოლოდ მის გამო მოვედი მეორედ აქ. შემდეგ ცოტა ვილაპარაკეთ მის წიგნებზე და მარადონაზე. ალბათ ვერც წარმოიდგენს, რას ნიშნავდა ჩემთვის ეს ყველაფერი. შეხვდებით თქვენ საყვარელ მწერალს და მიხვდებით, თუ რა გრძნობაა ^^

ის იყო, გუშინდელი დღის საუკეთესო დასასრულისთვის (ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის) მოვემზადე, რომ ჩემმა დამ მომწერა(რომელიც უკვე 2 თვეა გერმანიაშია და 1 თვეში ჩამოდის). თავიდან გავიფიქრე, პირველი ტაიმის შემდეგ დავურეკავ–მეთქი, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანია ეხლავე მინდა ლაპარაკიო. ნუ, კარგი, ჯანდაბას ჩემპიონთა ლიგის ფინალი და გადავედი ჩატში.
–გუშინ ცუდად გავხდი და უკვე 2 დღეა საავადმყოფოში ვწევარ
–რა მოგივიდა o.O
–რავიცი, სუსტად ვიყავი. დამირეკე და მოგიყვები
–დედას ვუთხრა თუ შენ ეტყვი?
–უთხარი, ოღონდ შეამზადე, არ მინდა, რომ პირდაპირ ასე დამინახოს.

შემდეგ ნახევარ საათს ვილაპარაკეთ. ძალიან ემოციური ვიყავი და კინაღამ იქვე ავტირდი. ეს 2 თვე სულ ვიძახდი, რომ არ მენატრებოდა ისე, როგორც ადრე მეგონა, რომ მომენატრებოდა. ეს ორი თვე მართლა ძალიან სწრაფად გავიდა. მაგრამ გუშინ მივხვდი, რომ 3 თვე მართლა ბევრია ისეთ ადამიანთან განშორებისთვის, რომელთან ერთადაც მთელი ცხოვრებაა ხარ, იზრდები და ა.შ.

მარიამს დღეს გამოწერენ. სახლში რომ მივა, დამირეკავს და ისევ ისე ჩვეულებრივად დაველოდები 21 ივნისის დილის სამ საათს, როდესაც აეროპორტში ვიდგები და თვითმფრინავის ჩამოსვლას დაველოდები. ყველაფერი კარგად იქნება, მარიამ.

შაქარი: ერთი მკვლელის ისტორია


ბავშვობაში ბებიაჩემი ყავაში ჩუმად მიყრიდა შაქარს: ჯერ ერთი, ბავშვმა ყავა არ უნდა სვას და მეორეც ის, რომ მწარეაო. შაქრიან ყავას გაუსინჯავად ვტოვებდი მაგიდაზე. კითხვაზე, თუ როგორ ვხვდებოდი ყავა დაშაქრული იყო თუ არა, ყოველთვის ვპასუხობდი, მაგრამ ჩემი არასდროს ჯეროდათ. არადა , სიმართლეს ვამბობდი, შაქრიან ყავას სხვა სუნი ჰქონდა. შაქარს რა სუნი აქვსო, მეუბნებოდნენ და იცინოდნენ. შემდეგ გავიზარდე და მეთვითონ ვისწავლე ყავის მოდუღება.

ცოტა ხნის წინ ბიძაშვილთან ვიყავი. მაგიდაზე წიგნები ეწყო და თვალიერება დავიწყე. “სუნამო: ერთი მკვლელის ისტორია”. მათხოვა და წავიკითხე. ჩამთრევი და საინტერესო ისტორიაა; ისეთი, არცერთ სხვას რომ არ ჰგავს. ეს იყო რაღაც ახალი, საიდუმლოებით მოცული და განმაცვიფრებელი ისტორია. მინახავს ადამიანი, რომელსაც ასპროცენტიანი მუსიკალური სმენა აქვს, ასევე ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივზე ორჯერ მეტ ფერს არჩევს, მაგრამ ეს რაღაც სხვაა.

დღეს ფილმსაც ვუყურე და ძალიან კარგი ეკრანიცაზიაა. სულ არ არის საჭირო ერთი ერთში ყველაფრის გადატანა. განსაკუთრებით ბოლო ნახევარმა საათმა ეკრანს მიმაჯაჭვა და მგონი სულ რამდენჯერმე დავახამხამე თვალები. ისე, კიდევ ერთხელ გამიხარდა, წითური რომ ვარ.

სამწუხაროდ, სუნამოებს ერთმანეთისგან რთულად ვარჩევ და საკუთარი, ადამიანის სუნიც გამაჩნია, თორემ ვიფიქრებდი, რომ მეც გრენუისნაირი გამორჩეული ვარ. ალბათ, არც ადამიანის მოკვლა შემიძლია, როგორც ამას რამდენიმე ფსიქოლოგიური ტესტი ამბობს. თორემ მეც დიდი სიამოვნებით შევქმნიდი საოცარ სუნამოებს.

არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი შაქრისადმი დამოკიდებულება უბრალოდ დამთხვევა იყოს და სინამდვილეში მის სუნს ვერ ვგრძნობდე და უბრალო ალბათობის პრინციპით ვარტყამდე ყოველ ჯერზე. ხანდახან მეთვითონ მეცინება ამ სისულელეს ამხელა ყურადღებას რომ ვაქცევ, მაგრამ “სუნამოს” წაკითხვის და ნახვის შემდეგ ამ სისულელემ ცოტათი, მაგრამ მაინც გამახარა..

არდადეგები


არდადეგები მიხარია ხოლმე, მაგრამ 2 დღის შემდეგ ვხვდები, რომ არაფერს ვაკეთებ. დასვენების დღეებში კალაპოტიდან ვვარდები და სოციალურ ცხოვრებას ვწყდები. ვუყურებ ფილმებს, ვჭამ ბევრს და ვზივარ სახლში მანამ, სანამ ეს ყველაფერი ყელში არ ამომივა. შემდეგ ვდგები და მივდივარ სადმე, თუნდაც აქვე, გეპეისთან. კარგი ადგილია. ყველაზე დიდი ხმაური და მტვერი აღწევს, მაგრამ მაინც ყველაზე ჩუმი და სუფთაა. მარტო ყოფნისთვის იდეალურია.

გუშინ და დღეს სახლში ვიჯექი და Star Wars–ს ვუყურებდი. ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ორივე ტრილოგია ვნახე ნაწყვეტ–ნაწყვეტ და როგორც იქნა თავი მოვაბი ერთიანად ყურებას. ეს პოზიტივია, მაგრამ ახლა თავს დიდ ხორცის გროვად ვგრძნობ, რომელსაც უმოძრაობისგან გადაადგილება უჭირს.

კიდევ ერთი კვირა დამრჩა. ხვალ მიწევს სახლიდან გასვლა, ზეგ კი აუცილებლად გავალ სადმე. თუნდაც არავინ გამომყვეს და არავის ეცალოს. დღეს დეამ ძალიან გამახარა. კარგი იდეა ჰქონდა დეას, მერე რა, რომ არ გამოვიდა. ხანდახან მარტო იდეაც საკმარისია. ესეც პოზიტივია.

ალბათ გამოცდებისთვის მზადების დაწყების დროც დადგა.

იმედია მალე ჩემი ლიმონები ამოვა. შემდეგ ბონსაის გამოვიყვან და შეიძლება ის იმაზე მეტად შემიყვარდეს, ვიდრე ჩემი რამდენიმე ძველი მეგობარი მიყვარდა.