თვრამეტი


აი, სრულწლოვანი რომ გავხდები…
აი, თვრამეტისას ხომ ვეღარ დამიშლით?
გავხდები თვრამეტის და მერე ნახავთ…
და ა.შ.

უბრალოდ, ძალიან ბევრ რამეზე შემიძლია წერა. მაგალითად იმაზე, თუ როგორ მოუთმენლად ველოდებოდი ამ დღის დადგომას. უბრალოდ, მეზარება.

ის შეიცვალა, რომ მაღაზიაში სასმელის და სიგარეტის ყიდვა შემიძლია. კიდევ ის, რომ საზღვარგარეთ წასასვლელად მინდობილობა არ მჭირდება. კიდევ ზოგიერთი მსგავსი წვრილმანი. რისი შეცვლაც ყველაზე მეტად მინდოდა – არა.

დღეს ერთადერთ რაღაცას მივხვდი. იმას , რასაც ყველა 18 და მეტი წლის ადამიანი მეუბნებოდა, მაგრამ მაინც მქონდა იმედი: სანამ ტრაკს არ გაანძრევ , მანამდე მოგექცევიან არასრულწლოვანივით.

მჟავე

მთელი ორი დღეა მოწევას თავი დავანებე. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში–რეკორდია. მწეველობისას ყველაზე რთული იმის გაცნობიერებაა–რამდენად ხარ დამოკიდებული ამ საზიზღრობაზე. ძალიან ბევრ სიმპტომთან ერთად, პირში მჟავე გემო მაქვს. არ ვგუგლავ. მეშინია, რამე ისეთი არ ამომიგდოს , რომ მერე ექიმთან გავიქცე დასამშვიდებლად.

პირის გემოს კიდევ გაუძლებ ადამიანი; კევს დაღეჭავ, რამეს შეჭამ და ა.შ. ხასიათის სიმჟავე გაცილებით ცუდი რამეა. ცოტა ხნის წინ ყველაფერი დალაგდა და რაღაც პერიოდი ყველაფერში პოზიტიური ნაწილის პოვნას ვცდილობდი. ყველაზე საშინელ სიტუაციაშიც კი ვპოულობდი გამოსავალს და ისე ვიყავი, რომ თითქმის არაფერი მაწუხებდა.

კიდევ უფრო ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ ბოლომდე ვერასდროს მიმიღებენ ისეთს, როგორიც ვარ. თავიდან ამაშიც ვიპოვე გამოსავალი: საკუთარ თავზე მუშაობა. გულწრფელად ვცდილობდი, რომ საკუთარი თავისთვის რამე მომეხერხებინა. საბოლოოდ მივხვდი, რომ ხასიათი ისევ ისეთი გამიხდა, როგორიც აქამდე მქონდა: მჟავე. საკუთარ თავზე მუშაობამ უარესი შედეგი მომცა და მგონი იმაზე უარესი გავხდი, ვიდრე აქამდე ვიყავი.

ამ ყველაფერს ძალიან ცუდ ხასიათზე ვწერ. ის კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე მაყენებს, რომ ბოლომდე არაფრის თქმა შემიძლია. ცოტა ხანს სადმე მარტო წასვლა მინდა ყველანაირი ტექნიკის და ა.შ. გარეშე. ვიცი, რომ შეუძლებელს ვითხოვ, მაგრამ მაინც მინდა. იქნებ მერე მაინც ვიპოვო ამ იდიოტური სიტუაციიდან გამოსავალი.

3 წელი


3 წელი დიდი დროა. იმდენად დიდი, რომ ძალიან ბევრი რამის შექმნას და გადაფასებას ასწრებ ადამიანი. იმდენად ბევრის, რომ შემდეგ ნახევარი აღარ მოგწონს. იმდენად აღარ მოგწონს, რომ საერთოდ ანადგურებ. და იმდენად ბევრს ფიქრობ მომავალზე, რომ წაშლილი პოსტები საერთოდ გავიწყდება.

ასე და ამგვარად, დღეს ჩემი ბლოგი 3 წლის გახდა. ამ ხნის განმავლობაში სამას პოსტზე მეტი დავწერე, თუმცა აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს დიდი წმენდა მოვაწყვე. ახლა მათი რაოდენობა ერთ ასეულზე ნაკლებია, თუმცა, როგორც ამბობენ, მთავარი ხარისხია და არა რაოდენობაო.
განაგრძე კითხვა