ეგოიზმი

გუშინ მანქანამ დამარტყა. მეორედ. პირველად კაი, ისეთ ადგილზე გადავდიოდი, სადაც ზებრა არ იყო. გუშინ კი ტროტუარზე მოატრიალა და გაიქცა. ჩემდა გასაკვირად, გაბრაზებული არ ვარ. ნომრები ვერ დავიმახსოვრე-მეთქი, მაგრამ არც მიცდია და ერთადერთი, რასაც ტროტუარზე დაგდებული ვფიქრობდი, სახლამდე მიღწევა იყო.

ამჯერად ყველაფერი შედარებით სერიოზულადაა, დილიდან ვწევარ და გვერდზეც ვერ ვბრუნდები ისე, რომ არაფერი მეტკინოს. პოლიკლინიკაში წასვლა არ მინდა, უზარმაზარი რიგებია, დაზღვევა მე არ მაქვს. ამიტომ ვწევარ საწოლში, ბებიაჩემი კი სულ იმას მეკითხება , ორპირში ხომ არ მოვყევი. აბა, ხომ არ ვეტყვი რაც მოხდა, ინერვიულებს.

სამსახურიდან გავეთავისუფლე რამდენიმე დღით (თან დასვენებები დაემთხვა), სკოლის გამოცდები 10 დღეში იწყება და შიგადაშიგ ისტორიის წიგნსაც ვშლი, ოღონდ ვერაფერს ვიმახსოვრებ და ფეისბუქსაც მექანიკურად ვსქროლავ. ძალიან ცუდია, რომ კალათბურთის ბილეთები მაინცდამაინც დღეს მომცეს, ძალიან მინდა წასვლა.

ასე და ამგვარად, საშინლად არაპროდუქტიული დღეა, ვერაფერს ვაკეთებ წოლის და ჭამის გარდა. დღის ბოლოს საკუთარი თავი შემეზიზღება და იმის იმედით დავიძინებ, რომ ეს წამლები მიშველის და ხვალ გამართულად სიარულს შევძლებ.

არაფერს ვაკეთებ და მაინც ყველაფერი ჩემთვის მინდა სულ იმას ვფიქრობ, რომ ყველა ასეა გულის სიღრმეში, მაგრამ არ ამბობს.
და მაინც არ ვარ ბოლომდე ის, ვინც მინდა , რომ ვიყო.
ბოლოს და ბოლოს, მე ხომ ის ადამიანი ვარ, ვიტრინაში ტანსაცმლის მაგივრად საკუთარ თავს რომ ხედავს.