2013 წლის შეჯამება


რაც ეს ბლოგი მაქვს, უკვე მეოთხე წლის რევიუს ვწერ. facebook–მა საშუალება მომცა ზედმეტი წვალების, ჩანაწერებში ქექვის და ა.შ. გარეშე აღმედგინა მეხსიერებაში მთლიანი წელიწადი.

1. და ერთ–ერთი მთავარი: ჰარი პოტერი წავიკითხე. რა და როგორ, ლინკზე გადადით და ნახეთ. ერთ–ერთი ყველაზე მაგარი წიგნების სერიაა, რაც ოდესმე წამიკითხავს.

2. 21 იანვარს პირველად ვნახე გრიშა 😀 ნახევარ წელზე მეტი ვწერდით ერთმანეთს, მაგრამ შეხვედრა აზრადაც არ მოგვსვლია. ან მოგვსვლია და არ მახსოვს.

3. აპრილამდე არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა მგონი. შემდეგ ტელევიზია “ენკი–ბენკიში” დავიწყე სტაჟიორად მუშაობა. თავიდან სიტუაცია მომწონდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ არ ვიყავი მზად 6 თვიანი უფასო სტაჟირებისთვის. ივნისში წამოვედი.

4. ახლა გამახსენდა, მარტის ბოლოს ჩემი და წავიდა გერმანიაში 3 თვით. აქამდე მხოლოდ 10 დღით ვიყავით დაშორებულები ერთმანეთს და თავიდან ცოტა მეუცხოებოდა მის გარეშე სახლი. შემდეგ კი ისე გავიდა ეს თვეები, რომ ვერც გავიგე.

განაგრძეთ კითხვა

Advertisements

ჰარი პოტერი და 30 დღე


არსებობენ ადამიანები, რომლებიც გაცნობისთანავე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ ხანდახან მომაბეზრებლები არიან. გამიკვირდა,მაგრამ იმ თემამ რაზე ლაპარაკიც აქამდე არ მიყვარდა, ნელ–ნელა დამაინტერესა და ბოლოს იმ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა, რომ წიგნების კარადაში 11 წლის წინ შენახული წიგნი მეპოვა. ვიპოვე, მტვერი გადავწმინდე და ისე გადავეშვი ამ წიგნში, როგორც ჰარი–ალბუსის საფიქრელაში. ვკითხულობდი და ემოციებით ვივსებოდი. ვხვდებოდი, როგორ ხდებოდა ეს წიგნი მნიშვნელოვანი და .. დამთავრდა. საათი დილის 5ს უჩვენებდა, ცოტაც და – განათდებოდა. გავითიშე. ალბათ იმიტომ, რომ 2 იანვარი იყო და ჯერ კიდევ მქონდა შემორჩენილი ის დაღლილობა, ახალ წელს რომ მოსდევს ხოლმე.

ანანო!
აი ვის შეეძლო ჩემი დახმარება. დილას გაღვიძებისთანავე მომაფიქრდა ის ადამიანი, რომლის სახლშიც ჰარი პოტერის შვიდივე წიგნი მქონდა ნანახი. მგონი, იმან უფრო გამახარა, რომ მისი ნახვის მიზეზი მომეცა 😀 ანანოს გახარებული სახე კარგად მახსოვს, როცა მკითხა: “ანუ, მოგეწონა?” 😀 და მივხვდი, რომ ჯერ ყველაფერი წინ იყო..

პარალელურად დავიწყე ფილმების ყურება. ჯერ წიგნი–შემდეგ ფილმის პრინციპით და ზოგ მომენტზე ემოციები მაწვებოდა, ზოგ გამოტოვებულ სცენაზე ვბრაზდებოდი და ა.შ.

2 დღეში ისევ ანანო, ანანო! ამჯერად უკვე 2 წიგნით მოვიდა. მალე ისინიც წავიკითხე და ის–ის იყო, მე5 წიგნის სათხოვნელად მივწერე, რომ სახლში სიურპრიზი გამიკეთეს და მე2, მე3 და მე5 წიგნები მიყიდეს. არც 840 გვერდი აღმოჩნდა დიდი დაბრკოლება და გამოცდების მიუხედავად მალე წავიკითხე. ვკითხულობდი ქუჩაში, გაჩერებაზე, ავტობუსში, სახლში, კომპიუტერთან, გაკვეთილზე.. ყველგან! რამდენ გაჩერებას გავცდი და რამდენი ავტობუსი გავუშვი ჰარი პოტერის გამო, არ ვიცი..

ჩახუტების დღეზე უკვე მეორედ ვიყავი. ამჯერად უფრო წიგნების გამო წავედი და მე6 და მე7 წიგნები ჩემს ჩანთაში მოხვდა. ოღონდ, რაიმე შელოცვით არა, გრიგოლმა მომიტანა. ემოციას ემოცია ემატებოდა. ჰარი პოტერი და მისი პერსონაჟები უკვე ძალიან შემიყვარდნენ. უკვე ყოველი მეორე სიტყვა მათ ეძღვნებოდათ და გამარჯობის მერე ვამბობდი: “იცი ახლა როგორ მეძინება? აი ჰარის რომ ეძინებოდა მაშინ, როდესაც…” “იცი ახლა როგორ მიჭირს კარგი ემოციის მოძებნა? აი ჰარის რომ უჭირდა პატრონუსის გამოძახებისას..” და ა.შ.

ყველა ჩემი მეგობარი შევაწუხე. ვისაც წაკითხული ჰქონდა, მათთვის უარესი 😀 “ოღონდ ჰარიზე არ დაიწყოს ლაპარაკი” ფიქრობდა ალბათ ელე, როდესაც კლასში შემოსვლისას გათბობასთან მჯდომარეს მხედავდა წიგნით ხელში. კიდევ რამდენი ასეთი იყო, არ ვიცი. იყო დაცინვაც, რომელსაც გრიფინდორის ხმლით ვხვდებოდი და ვცდილობდი დამემსხვრია ყველა ის არასწორი სტერეოტიპი, რომელიც ამ 7 წიგნს უკავშირდებოდა. თუმცა, მე წიგნის ხელში ასაღებად 11 წელი დამჭირდა და სხვაზე არაფერი მაქვს სათქმელი 😀
ასევე, მხარდაჭერაც იყო. ძალიან მსიამოვნებდა, როდესაც მეუბნებოდნენ: “წაიკითხე და ნახავ მერე რა მოხდება. ვერც კი წარმოიდგენ, რა მაგარი წიგნია..”.

კიდევ ერთი მთავარი დეტალი. წითურები! რას წარმოვიდგენდი, რომ ისეთ ოჯახს “შევხვდებოდი”, სადაც დედაც, მამაც და შვიდივე შვილიც წითურები არიან. შეყვარებული ვარ ტყუპებზე, რომლებიც უმძიმეს მომენტებშიც კი არ კარგავდნენ იმედს და მაინც ჰქონდათ ხუმრობის თავი.
და დიალოგი, რომელზეც მართლა ბევრი ვიცინე 😀

(რონი)–ეს რა ღირს?
(ტყუპები ერთად)–5 გალეონი
–ჩემთვის?
–5 გალეონი
–კი მაგრამ, მე ხომ თქვენი ძმა ვარ?!
–10 გალეონი


და მაინც, წიგნში ყველაზე დიდი ინტრიგა მაინც სნეიპის პერსონაჟშია ჩადებული. ბოლო მომენტამდე მცდარი წარმოდგენებით რომ ავსებს ადამიანს და შემდეგ, ზუსტად 3 წუთში ამ ყველა სტერეოტიპს ამსხვრევს. სნეიპის ბოლო მოგონებები იყო ერთ–ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი და ამ პოსტის წერისას კიდევ მაქვს შემორჩენილი სველი თვალები..

ჰერმიონ გრეინჯერი არის მოტივაცია. ამიერიდან მეცადინეობისას ჰერმიონს გავიხსენებ–ხოლმე 😀 ეს ხუმრობით და ეს პერსონაჟიც მართლა ძალიან მაგრად არის შერჩეული. ისედაც ძალიან დიდი პოსტი გამომდის და ამიტომ, მეტს არაფერს დავამატებ.

2 ფაქტი

  • ჰარი პოტერის მე7 ნაწილის კითხვა 28 იანვარს დავიწყე. წიგნში 29 ივლისი იყო, ანუ ჰარი 17 წლის 2 დღეში ხდებოდა. მეც ზუსტად 2 დღე მაკლდა ჯადოქრული სამყაროს სრულწლოვნების ასაკამდე.

  • ლილი , ჰარი პოტერის დედა დაიბადა 30 იანვარს და იყო წითური. მეც 30 იანვარს დავიბადე და მეც წითური ვარ.

    როულინგს უყვარს დამთხვევები…


    თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ეს წიგნები, ნუ ელოდებით ნურაფერს, გადადეთ ყველა წვრილმანი საქმე და აიღეთ და გადაშალეთ. თუ პრივატ დრაივის 4 ნომერში მომხდარი ამბები არ დაგაინტერესებთ, მაინც გააგრძელეთ კითხვა და მიხვდებით, რატომაც გთხოვეთ წიგნის ხელში აღება..

    ძალიან დიდი მადლობა ისევ გრიგოლს, რომელმაც დაბადების დღეზე კიდევ 2 წიგნი მაჩუქა. ახლა შვიდეულს მხოლოდ ნახევარპრინცი აკლია და მის შეძენას უახლოეს მომავალში ვგეგმავ.
    მადლობა ჯოან როულინგს, რომელსაც იმდენი რამის გამო უნდა ვუთხრა მადლობა, რომ კიდევ ერთი ამდენი გამომივა პოსტი.
    მადლობა ყველას, ვინც “პოტერიადას” შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

    ვიცი, არ გამოვიდა სრულყოფილი პოსტი. ისიც ვიცი, რომ ბევრი რამე აკლია, მაგრამ როგორც კი ბოლო ფილმის ყურებას მოვრჩი, ამის წერა დავიწყე და ახლა შედარებით მშვიდად და კარგ ხასიათზე ვარ. მერე რა , რომ პოტერიადა დასრულდა, ის მუდამ იქნება ჩვენს გულებში(როგორც ამას ნევილი ამბობს) და ყველაფრის მიუხედავად ის იქნება ბიჭი, რომელიც გადარჩა…

    ანტიდეპრესანტი


    ბევრმა იცის, თუ რა აზრის ვარ დეპრესიაზე და დეპრესიულ თინეიჯერებზე. მე უბრალოდ ვერ ვიტან მათ და მგონია, რომ ყველა ასეთი “დეპრესია” გამოგონილია და ყურადღების მიქცევის მიზნით გამოიყენება. ბიჭების გამო დეპრესიაში მყოფი 14 წლის გოგოები კი ყველაზე მეტად მეზიზღება და ამის მიზეზი ზემოთ ვახსენე.

    არ ვიცი, ახლა მეც იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები თუ არა, რომლებიც ასე მძულს.რამდენიმე დღიანი ცუდ ხასიათზე ყოფნას ნელ–ნელა მიზეზები ემატება და “ვბოროტდები”. არ ვიცი, შეიძლება მე თვითონ ვიგონებ ყველაფერს და ბუზს ვაქცევ სპილოდ, მაგრამ ახლა ეს მიზეზები რეალურად მეჩვენება. მეგობრობაზე ადრე ეს პოსტი დავწერე და ახლაც თითქმის იმავეს ვფიქრობ მათზე. სამწუხაროდ, უახლოესი მეგობრებიც შეიძლება საბოლოოდ ისეთი ეგოისტები გახდნენ, რომ მათი გამოსწორების იმედი დაგეკარგოს. მაგრამ მე ეს იმედი ჯერ კიდევ მაქვს.

    სწორედ ეს იმედია ჩემი ანტიდეპრესანტი. ასევე მდგომარეობიდან ადვილად გამოვყავარ წიგნების, რომელშიც თავით ვარ გადაშვებული და სპეციალურად ვანელებ ხოლმე კითხვის ტემპს, რომ მალე არ მოვრჩე. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს წიგნები გახდა კიდევ ერთი ცუდი ამბის მიზეზი, მაინც არ ვწყვეტ კითხვას. კიდევ , არსებობს რამოდენიმე ადამიანი, რომელიც ჩემ განწყობაზე ზრუნავს და მართლა გულით ვარ მათი მადლობელი.

    პოზიტივს იმაში ვხედავ, რომ რაც არ უნდა იყოს, ერთი მიზეზი მაინც მაქვს იმისთვის, რომ დაბღვერილმა არ ვიარო და არაფერი მიხაროდეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ოპტიმიზმი კარგი რამაა, ოღონდ ადამიანებთან ურთიერთობისას–არა…