ანტიდეპრესანტი


ბევრმა იცის, თუ რა აზრის ვარ დეპრესიაზე და დეპრესიულ თინეიჯერებზე. მე უბრალოდ ვერ ვიტან მათ და მგონია, რომ ყველა ასეთი “დეპრესია” გამოგონილია და ყურადღების მიქცევის მიზნით გამოიყენება. ბიჭების გამო დეპრესიაში მყოფი 14 წლის გოგოები კი ყველაზე მეტად მეზიზღება და ამის მიზეზი ზემოთ ვახსენე.

არ ვიცი, ახლა მეც იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები თუ არა, რომლებიც ასე მძულს.რამდენიმე დღიანი ცუდ ხასიათზე ყოფნას ნელ–ნელა მიზეზები ემატება და “ვბოროტდები”. არ ვიცი, შეიძლება მე თვითონ ვიგონებ ყველაფერს და ბუზს ვაქცევ სპილოდ, მაგრამ ახლა ეს მიზეზები რეალურად მეჩვენება. მეგობრობაზე ადრე ეს პოსტი დავწერე და ახლაც თითქმის იმავეს ვფიქრობ მათზე. სამწუხაროდ, უახლოესი მეგობრებიც შეიძლება საბოლოოდ ისეთი ეგოისტები გახდნენ, რომ მათი გამოსწორების იმედი დაგეკარგოს. მაგრამ მე ეს იმედი ჯერ კიდევ მაქვს.

სწორედ ეს იმედია ჩემი ანტიდეპრესანტი. ასევე მდგომარეობიდან ადვილად გამოვყავარ წიგნების, რომელშიც თავით ვარ გადაშვებული და სპეციალურად ვანელებ ხოლმე კითხვის ტემპს, რომ მალე არ მოვრჩე. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს წიგნები გახდა კიდევ ერთი ცუდი ამბის მიზეზი, მაინც არ ვწყვეტ კითხვას. კიდევ , არსებობს რამოდენიმე ადამიანი, რომელიც ჩემ განწყობაზე ზრუნავს და მართლა გულით ვარ მათი მადლობელი.

პოზიტივს იმაში ვხედავ, რომ რაც არ უნდა იყოს, ერთი მიზეზი მაინც მაქვს იმისთვის, რომ დაბღვერილმა არ ვიარო და არაფერი მიხაროდეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ოპტიმიზმი კარგი რამაა, ოღონდ ადამიანებთან ურთიერთობისას–არა…

Advertisements