აივანი


აივანი საუკეთესო ადგილია საფიქრელად.
დიდი აივანი მაქვს, რომელზეც შეგიძლია 3 ოთახიდან გახვიდე. ერთ–ერთი კი ჩემი ოთახია.
შუქს ვაქრობ, კარებს ვკეტავ და აივანზე გავდივარ. მოაჯირზე ვჯდები და გმირთა მოედნიდან მოსულ მანქანების ხმაურს ვუსმენ. ცოტა ქარია და გრილა, ეგ არაფერი..
მოაჯირზე ვჯდები, ცალ ფეხს სწორად ვდებ, მეორეს ჰაერში ვაქანავებ და სულ არ მაინტერესებს, რომ დაახლოებით 25 მეტრის სიმაღლეზე ვარ. ასეთ დროს, როდესაც არც ერთი ოთახიდან არ გამოდის შუქი და აივანზე ბნელა, საუკეთესო დროა საფიქრელად. ვფიქრობ ალბათ უფრო ბევრს მომავალზე და ცოტას წარსულზე. იმ პრინციპით, რომ წარსული უკვე წავიდა და მაინც ვერაფერს შევცვლი. აი მომავალზე კი სერიოზულად ვფიქრობ ხოლმე. ხანდახან ყველაფრის შუა გზაში მიტოვება და სადმე გაქცევა მინდა, ჰიპივით… მშვენივრად ვიცი, რომ არაფერი გამოვა, მაგრამ მაინც ვფიქრობ. ისე,უბრალოდ, ხომ შეიძლება ხანდახან მეც ვიოცნებო. ვფიქრდები და დიდი ხანია არ მიოცნება ისე, ადრე რომ ვოცნებობდი ხოლმე. მერე მეღიმება და ჩემივე სიტყვები მახსენდება, ,,იქნებ ოცნების ქონას მიზნის ქონა ჯობია, თუნდაც არც ისე დიადის და ნათელის?!” და დღემდე ვცდილობ. ვცდილობ, გავექცე ჩემს მთავარ პრობლემას, სიზარმაცეს. საშინელი რამაა.
სახლიდან ნაბიჯების ზმა უკვე მკვეთრად აღწევს, ერთდროულად 2 ოთახში ინთება შუქი და გარკვევით მესმის, როგორ ყვირიან ჩემ სახელს.

–ნინო!
–აქ ვარ, აქ! აივანზე!

ვბრაზდები და ოთახის კარს მაგრად ვაჯახუნებ. თავს ბალიშში ვრგავ და სწრაფად ვსუნთქავ. არ ვიცი, ვისზე ან რაზე ვარ გაბრაზებული, მაგრამ ნერვები მოშლილი მაქვს.

არ ვიცი, 4 წლის განმავლობაში რატომ არ მომივიდა აზრად სიბნელეში აივანზე ჯდომა და ფიქრი. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს რაღაც ცუდი მომშორდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაუგეგმავი მომავალი ისევ ისე დარჩა. ვწევარ და ვფიქრობ: ,,იქნებ, დაგეგმილი მომავალი არაფერში მაწყობს, მე ხომ სპონტანური გადაწყვეტილებები მიყვარს.”–მეღიმება და უკვე დამშვიდებული, თავს ისევ ბალიშზე ვდებ, ოღონდ ახლა ცხვირი ზემოთ მაქვს, რომ ვისუნთქო, ტანსაცმელს ვიკიდებ და მშვიდად მეძინება–მე იმ კითხვაზე ვიპოვე პასუხი, რომელიც ამდენი ხანი მაწუხებდა…

Advertisements