ახალი პოსტი

პოსტის დაწყება როგორ უნდა? მისალმებით? თუ პირდაპირ ბრძნული აზრების ფრქვევით?

რაც უნდა იყოს – დამავიწყდა.

ჯერ რამდენიმე დღე არ დავწერე, შემდეგ რამდენიმე კვირა, მგონი უკვე რამდენიმე თვეც კი. გადამოწმებაც კი მეზარება. არადა, რამდენი რამ მოხდა. საატესტატოები და ეროვნულები ჩავაბარე, ეს უკანასკნელი კი სულ ტყუილად, იმიტომ , რომ 6 აგვისტოს საელჩოში ვიქნები და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სექტემბრიდან იენას უნივერსიტეტში (გერმანია) ვისწავლი. არადა, 1 წლის წინ არც კი ვოცნებობდი საზღვარგარეთ სწავლაზე, ახლა კი უფასოდ მეძლევა ასეთი მაგარი შანსი. მგონი 70%-იანი გრანტიც კი ავიღე (რეპეტიტორების გარეშე!!!) და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც საკუთარი თავით ვამაყობ.

გერმანიის გამო (და არა მარტო) ვმუშაობ და თბილისიდან არ გავსულვარ წინა კვირას თუ არ ჩავთვლით. წინა კვირაში კი 4 დღე ისე კარგად გავატარე ქალაქგარეთ, რომ მთელი ზაფხული მეყოფა. მთელი ზაფხული რა, სავარაუდოდ 25 აგვისტოსკენ მინიმუმ 1 წლით დაგემშვიდობებით. ჯერ ვერ აღვიქვამ და ამიტომაც მგონია, რომ ან ვიზას არ მომცემენ, ან ბილეთები არ მექნება წესრიგში, ან სხვა რაიმე საბუთი და ბლაბლაბლა. ჰოდა, ის 2 დღე მცხეთაში და კიდევ ამდენი მეტეხში მეგობრებთან ერთად აგარაკზე, მარტო, სიწყნარეში (ამას ვიტყუები), ცოტა ძილით, ცეცხლზე შემწვარი სარდელით და ძალიან გემრიელი წითელი საფერავით ნამდვილად კარგი კვირის ბოლო იყო.

იმედია, ცოტათი მაინც ამოვქაჩავ. იმედია, უფრო მეტის და უფრო კარგის წერას შევძლებ მომავალში. და კიდევ იმის იმედი მაქვს, რომ ბევრს და უფრო ბევრს მივაღწევ.

გკოცნით, თქვენი რიჟახა.

ეგოიზმი

გუშინ მანქანამ დამარტყა. მეორედ. პირველად კაი, ისეთ ადგილზე გადავდიოდი, სადაც ზებრა არ იყო. გუშინ კი ტროტუარზე მოატრიალა და გაიქცა. ჩემდა გასაკვირად, გაბრაზებული არ ვარ. ნომრები ვერ დავიმახსოვრე-მეთქი, მაგრამ არც მიცდია და ერთადერთი, რასაც ტროტუარზე დაგდებული ვფიქრობდი, სახლამდე მიღწევა იყო.

ამჯერად ყველაფერი შედარებით სერიოზულადაა, დილიდან ვწევარ და გვერდზეც ვერ ვბრუნდები ისე, რომ არაფერი მეტკინოს. პოლიკლინიკაში წასვლა არ მინდა, უზარმაზარი რიგებია, დაზღვევა მე არ მაქვს. ამიტომ ვწევარ საწოლში, ბებიაჩემი კი სულ იმას მეკითხება , ორპირში ხომ არ მოვყევი. აბა, ხომ არ ვეტყვი რაც მოხდა, ინერვიულებს.

სამსახურიდან გავეთავისუფლე რამდენიმე დღით (თან დასვენებები დაემთხვა), სკოლის გამოცდები 10 დღეში იწყება და შიგადაშიგ ისტორიის წიგნსაც ვშლი, ოღონდ ვერაფერს ვიმახსოვრებ და ფეისბუქსაც მექანიკურად ვსქროლავ. ძალიან ცუდია, რომ კალათბურთის ბილეთები მაინცდამაინც დღეს მომცეს, ძალიან მინდა წასვლა.

ასე და ამგვარად, საშინლად არაპროდუქტიული დღეა, ვერაფერს ვაკეთებ წოლის და ჭამის გარდა. დღის ბოლოს საკუთარი თავი შემეზიზღება და იმის იმედით დავიძინებ, რომ ეს წამლები მიშველის და ხვალ გამართულად სიარულს შევძლებ.

არაფერს ვაკეთებ და მაინც ყველაფერი ჩემთვის მინდა სულ იმას ვფიქრობ, რომ ყველა ასეა გულის სიღრმეში, მაგრამ არ ამბობს.
და მაინც არ ვარ ბოლომდე ის, ვინც მინდა , რომ ვიყო.
ბოლოს და ბოლოს, მე ხომ ის ადამიანი ვარ, ვიტრინაში ტანსაცმლის მაგივრად საკუთარ თავს რომ ხედავს.

მე შენთან მინდა, მოდი

ხუთი
ოთხი
სამი
ორი
ერთი
ნული… დროზე, დროზე ჩაიფიქრეთ!
ხელები მიტყუპებული ნიკაპთან, თვალები დახუჭული და გულში ვამბობ სურვილს. თითქოს მართლა მჯერა, რომ ეს მოხდება. თითქოს მართლა მჯერა, რომ პირველი სურვილი, რომელაც 11.11.11 დღეს 11 საათზე, 11 წუთზე და 11 წამზე ჩავიფიქრებ ახდება…

წამით ყველა მხიარულია, იფიქრებს სურვილს და რაღაცის მოლოდინით აქეთ-იქით იყურება.
სასწრაფოდ დღიურს ვიღებ და ვტოვებ კვალს.

ელე მერხზე წერს..
გვიხარია…
ოღონდ რა, ჩვენთვითონაც არ ვიცით…
“ბავშვებო, 63-ე გვერდზე გადშალეთ..”-ქართულის მასწავლებელი ყველაფერს უცებ გვიყრის წყალში..
ჯერ კიდევ ოცნებაში ვარ. რა იქნება , ერთხელ მაინც ამიხდეს ჩანაფიქრი. ეს სულ ადვილია. მე შენთან მინდა, მოდი…