მე მინდოდა ვყოფილიყავი


მე მინდოდა ვყოფილიყავი გოგო, რომელიც ყოველდღე დაივარცხნიდა შავ თმას და კეფაზე შეიკრავდა.
ყოველ დილას თავის დროზე ადგებოდა, მიიღებდა შხაპს და ისაუზმებდა. ოღონდ ამ ყველაფერს ძალიან სუფთად და მოწესრიგებულად გააკეთებდა, სახეზე ოდნავი ღიმილით და გაყინული თვალებით.
ხანდახან იტირებდა, ოღონდ ისე, რომ არავის დაენახა. იტირებდა მეგობრისთვის, ბიჭისთვის–არასდროს.
ეს გოგო დახატავდა.
ყველაფერი ერთი ხელის მოსმაში გამოუვიდოდა და ნახატებს არ გამოაჩენდა. უბრალოდ იტყოდა, რომ ხატავს და ასე უნდა გააგრძელოს მთელი ცხოვრება.
ამ გოგოს არ ეყვარებოდა ვინმე. უბრალოდ, იმასთან იქნებოდა, ვისაც ის მოეწონებოდა. ეყოლებოდა ერთი ბიჭი ძალიან დიდხანს. მისი სიყვარული კი ძალიან წმინდა და წესიერი იქნებოდა.
რა თქმა უნდა ათოსანი იქნებოდა. გაკვეთილებზე ხმას არ ამოიღებდა და ექნებოდა ძალიან ლამაზი კალიგრაფია.
ეყვარებოდა რამე რომანტიკა. აი ისეთი, ყველას რომ უყვარს.
კომპიუტერთან გამართული იჯდებოდა და ყველა მოძრაობა წინასწარ ექნებოდა განსაზღვრული.
ეყვარებოდა საფრანგეთი. პარიზი და ეიფელის კოშკი. იქ ხომ ყველაფერი მოდით სუნთქავს და ეს გოგოც ასეთი ლამაზი და მოდას აყოლილი იქნებოდა.
და იქნებოდა ეს გოგო ასეთი, შინაგანად ძლიერი და გარეგნულად სუსტი.
იქნებოდა გონებით ქარიშხალი და გარეგნულად ნიავი.
შინაგანად ჯოჯოხეთი და გარეგნულად სამოთხე.
ორი სხვადასხვა ადამიანი…

სინამდვილეში კი მე ვარ ერთი გაწეწილი რიჟა გოგო, რომელსაც სულ ცალ ფეხზე კიდია სავარცხელი აქვს თუ არა სახლში.
რომელიც არც ისე კარგად ხატავს, მაგრამ მაინც აგრძელებს.
რომელიც გაკვეთილებზე ენას ვერ აჩერებს.
რომელიც ათოსანი არ არის.
რომელსაც არათუ არ აინტერესებს მოდა, არამედ ეზიზღება დაშტამპული ხალხი.
რომელიც შინაგანად და გარეგნულად ერთნაირია, არეული.
რომელსაც სინამდვილეში არ უნდა ისე იქცეოდეს, როგორც თავიდან წერია, უბრალოდ ხანხახან ფიქრდება ხოლმე ამაზე, მაგრამ სინამდვილეში ურჩევნია 3 დღე ერთი და იგივე შარვალი ეცვეს და ამით არ შეწუხდეს…

Advertisements