ახალი პოსტი

პოსტის დაწყება როგორ უნდა? მისალმებით? თუ პირდაპირ ბრძნული აზრების ფრქვევით?

რაც უნდა იყოს – დამავიწყდა.

ჯერ რამდენიმე დღე არ დავწერე, შემდეგ რამდენიმე კვირა, მგონი უკვე რამდენიმე თვეც კი. გადამოწმებაც კი მეზარება. არადა, რამდენი რამ მოხდა. საატესტატოები და ეროვნულები ჩავაბარე, ეს უკანასკნელი კი სულ ტყუილად, იმიტომ , რომ 6 აგვისტოს საელჩოში ვიქნები და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სექტემბრიდან იენას უნივერსიტეტში (გერმანია) ვისწავლი. არადა, 1 წლის წინ არც კი ვოცნებობდი საზღვარგარეთ სწავლაზე, ახლა კი უფასოდ მეძლევა ასეთი მაგარი შანსი. მგონი 70%-იანი გრანტიც კი ავიღე (რეპეტიტორების გარეშე!!!) და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც საკუთარი თავით ვამაყობ.

გერმანიის გამო (და არა მარტო) ვმუშაობ და თბილისიდან არ გავსულვარ წინა კვირას თუ არ ჩავთვლით. წინა კვირაში კი 4 დღე ისე კარგად გავატარე ქალაქგარეთ, რომ მთელი ზაფხული მეყოფა. მთელი ზაფხული რა, სავარაუდოდ 25 აგვისტოსკენ მინიმუმ 1 წლით დაგემშვიდობებით. ჯერ ვერ აღვიქვამ და ამიტომაც მგონია, რომ ან ვიზას არ მომცემენ, ან ბილეთები არ მექნება წესრიგში, ან სხვა რაიმე საბუთი და ბლაბლაბლა. ჰოდა, ის 2 დღე მცხეთაში და კიდევ ამდენი მეტეხში მეგობრებთან ერთად აგარაკზე, მარტო, სიწყნარეში (ამას ვიტყუები), ცოტა ძილით, ცეცხლზე შემწვარი სარდელით და ძალიან გემრიელი წითელი საფერავით ნამდვილად კარგი კვირის ბოლო იყო.

იმედია, ცოტათი მაინც ამოვქაჩავ. იმედია, უფრო მეტის და უფრო კარგის წერას შევძლებ მომავალში. და კიდევ იმის იმედი მაქვს, რომ ბევრს და უფრო ბევრს მივაღწევ.

გკოცნით, თქვენი რიჟახა.

ქარი და ერთი ღერი სიგარეტი

გარეთ ცივა.
მარტისთვის შესაფერისი ამინდია. მიყვარს ქარის დროს სახლში ყოფნა, გარეთ რომ ყველაფერი ინგრევა, მე კი შიგნიდან ვუყურებ ამ ყველაფერს. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ სხვის სახლში ვარ, მერე რა…
არ ვიცი რამ მაიძულა გარეთ გასვლა ამ სიცივეში. აივანზე ვზივარ, შიგნიდან ხმამაღალი მუსიკა და სიცილი მესმის. ერთობიან, მე კი საშინლად სენტიმენტალურ განწყობაზე ვარ. ალბათ იმიტომ, რომ მენატრები. მერე რა, რომ დღეს ნერვებს საშინლად მიშლი… ნუ, ეს ჩემი ბრალიცაა…
შით, რით ვერ მორჩნენ ამ სან ფრანცისკოს მოსმენას, უკვე ყელშია ეს სიმღერა. ტელეფონს ვიღებ და შენახულ მესიჯებს ვათვალიერებ. ლაშა, ლაშა, ლაშა, ელე, ლაშა, ელე, ელე, ლაშა, უცხო ნომერი, ლაშა, ლაშა…
მოდი და არ გაგეღიმოს. ჰო, ჰო, ვიცი, ასეთი სენტიმენტალური მგონი არავის არასდროს ვუნახივარ.

გარეთ ისევ ცივა.
მე ისევ აივანზე ვზივარ, ისევ სხვის სახლში ვარ და ისევ ხმამაღალი სიცილი მესმის. კოლოფიდან ერთ ღერს ვიღებ და ვუკიდებ. ცოტა მიჭირს მოკიდება, ქარია. საბოლოოდ მოეკიდა. პირველი ნაფასი ყოველთვის ყველაზე მაგარია ხოლმე. აივნის მოაჯირს დავეყრდენი და ვფიქრობ, თან სიგარეტს ვუყურებ. ისევ შენზე ვფიქრობ, სიგარეტი ნელა იწვის. აქამდე არასდროს დავკვირვებივარ სიგარეტს. რაღაცნაირი საყურებელია. გარეთ ღამეა, სიგარეტზე დავაფოკუსე და ვუყურებ ასე გამოშტერებული. ბოლოს ვხვდები, რომ თითქმის ნახევარი ჩაიწვა.
ქარი ისევ უბერავს, მე ისევ ვეწევი და სულ ოდნავ მწყდება გული რომ არ მპასუხობ…

გარეთ აღარ ცივა. ან ცივა და მე შევეჩვიე. სიგარეტი ჩაიწვა, მე ისევ შენზე ვფიქრობ და ვერ ვხვდები, მართლა შეიცვალა ჩემში რამე?