სახლი

კარგი ადგილია სახლი. როცა იცი , რომ გაქვს ადგილი, სადაც შეგიძლია დატვირთული დღის შემდეგ მიხვიდე ან უქმე დღეს გვიანობამდე იძინო.

მაქვს ოთახი, სადაც მომდის კრეატიული იდეები და აზრები. სადაც სიზარმაცე მძლევს ხოლმე და რამდენ ასეთ იდეას ვტოვებ დღის სინათლის გარეშე, არავინ იცის. ასევე ოთახი ერთადერთი ადგილია, სადაც ტირილი შემიძლია. თუმცა კარგა ხანია, აღარ მიტირია. ოთახში ყოველთვის დევს სკოჩი. ყოველ წუთს ვცვლი ინტერიერს და ხან რას ვაკრავ, ხან რას. ასევე მქონდა ფურცლები, ვინც ოთახში შემოდიოდა, აფიქსირებდა, რომ აქ იყო და თან თარიღს აწერდა. ერთ წელიწადში 70მდე სტუმარი მყავდა. დიდი ხანია ეს ფურცლები ჩამოვხსენი, აღარ მომინდა.

მიყვარს ჩემი სახლი. საკმაო ფართობი მაქვს იმისთვის, რომ გაფრენის მომენტებში აქეთ–იქით ვირბინო, მეთლახზე წინდებით ვისრიალო და სანამ რემონტი დამთავრდება, კედლებზე ვხატო. რამხელა ოპტიმიზმია, როცა გასარემონტებელ სახლშიც კი ვპოულობ პოზიტივს 😀
განაგრძეთ კითხვა

Advertisements

Home, Sweet Home

ადრე თემქაზე ვცხოვრობდი. თითქმის დაბადებიდან. ეს ბებიაჩემის სახლი იყო(დედაჩემის დედის). სახლი არც ისე დიდი იყო, სულ რაღაც 70 კვადრატული მეტრი(ამ სახლში კი მხოლოდ “ზალა” არის 60 კვადრატული შედარებისთვის). იქ 4ნი ვცხოვრობდით. მე , ჩემი და, დედა და ბებია. მერე რა, რომ ბაღიდან შორს იყო. ყოველ დილას ვდგებოდით ადრე და ბაღში მივდიოდით. 4 წლის ვიყავი, როდესაც დედამ მითხრა, დღეს ჩვენი ახალი სახლის აშენება დაიწყესო(2000 წელს). რამდენჯერმე მოგვიწია იმ ადგილას გავლა. ვუყურებდი, თუ როგორ უყრიდნენ ვიღაც კაცები კორპუსს საძირკველს. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ აქ 16 სართულიან კორპუსს ააშენდბდნენ.

სწორედ ამ სახლის მდბარეობის გამო ხილიანზევე შევედით მე და ჩემი და 195ე სკოლაში. მერე რა, რომ 6 წელი სხვადასხვა სახლიდან დავდიოდით სკოლაში. მერე რა, რომ რამდენჯერმე ვიქირავეთ ბინა ხან დოლიძეზე და ხანაც ხილიანზე.
ყოველ წელს მეუბნებოდა ბებია, იქნებ 1 წლის შემდეგ დამთავრდეს კორპუსი და გეშველოთ, ბინის ქირაობა აღარ მოგიწიოთო.
ასე გავიდა 6 წელიწადი და დადგა დღე, როდესაც მე ახალ სკოლაში, “კომაროვში” უნდა გადავსულიყავი. სრულიად მარტო, ახალი ბავშვების გარემოცვაში, სულ რაღაც 12 წლის ბავშვი. თან მაშინ, როდესაც წინა კლასელებზე ვგიჟდებოდი და საუკეთესო მეგობრებიც იქ მყავდა.
ეს დღე იყო 2008 წლის პირველი ოქტომბერი. დილას თემქიდან წავედით. 7 საათზე ავდექით. მეშინოდა. ახალი სიტუაციის მეშინოდა. სკოლაში მივედი და პირველი რაც თვალში მომხვდა, გოგონების სიმცირე იყო. როგორ დალაგდა ყველაფერი და როგორ მადლობელი ვარ დედაჩემის, რომ დღეს ამ სკოლაში ვარ, ეს ცალკე თემაა, თუმცა მაშინ საშინლად გავუბრაზდი, რომ გადამიყვანა.
სკოლიდან ახალ სახლში მოვედით. მე, მარი და დედა. ბებია თემქაზე დარჩა. მაშინ ჯერ კიდევ მუშაობდა კოლეჯში და სამსახურთან ახლოს იყო. ახალი სახლი დიდი იყო, ძალიან დიდი. 200 კვადრატულ მეტრზე მეტი. თავიდან მერეოდა, რომელ ოთახში უნდა შევსულიყავი. მერე ამასაც მივეჩვიე… 1 წლის შემდეგ კოლეჯი დაიხურა და ბებიაც ჩვენთან გადმოვიდა. ძალიან კარგი , რომ გადმოვიდა..

ამ ამბებიდან 3 წელია გასული. დღეს ხილიანზე ვცხოვრობთ. დიდ და ლამაზ სახლში. მეგობრები რომ მოდიან,მოსწონთ. ხო, მეც მომწონს. მოდი და არ მოგეწონოს ასეთი დიდი სახლი, ასეთ კარგ ადგილას. თან დედაჩემის გემოვნებით გარემონტებული(ბოლომდე არაა გარემონტებული, მაგრამ უმეტესი წილი კი).
დიდი ხანია თემქაზე არ ვყოფილვარ. ნეტა რა ხდება იქ? ალბათ იქაურობა რიგით მიტოვებულ სახლს დაემსგავსა, იქ ხომ 1 წელია აღარავინ შესულა…
მესმის, რომ დედას ჩვენთვის კარგი სურდა. უნდოდა, საუკეთესო სახლში გვეცხოვრა და საუკეთესო სკოლაში გვევლო. უნდოდა, რომ უკეთეს ადგილას გვეცხოვრა. რისთვისაც დიდი მადლობა მას.
და მაინც, მიყვარს. მე ის სახლი მიყვარს. და ყოველი სიტყვა, რომელიც მის გაყიდვას უკავშირდება იქ, სადღაც, გულის სიღრმეში, მტკივა…
პ.ს. ბავშვობაში მინდოდა თემქაზე იმ ალვის ხის ტოტები სახლამდე მოსულიყო…