სინდისი


ინგლისურიდან მოვდიოდი და ვცდილობდი გადახლართული ყურსასმენები გამეხსნა. უკვე ზამთარია, თოვს. ამის მიუხედავად, ეზოში მაინც ყრია ყვითელი ფოთლები; მერე რა, რომ ცოტა. ეზოს შესასვლელში არსებული გრაფიტები “ახალი სამყაროს” დასაწყისს მამცნობენ. “ვაგზლის” ჭუჭყიან გზებზე არდადებული თოვლის კვალია. მივაბიჯებ ჩემი ოცდაათლარიანი ფეხსაცმლით და ასრიალების მეშინია. ნეტა მეცნიერულად აქვს ამ ფობიას სახელი?

უკვე მეცხრედ ვუყურებ ვიტრინაში საცოდავი თვალებით ლამაზ ნამცხვარს. აი, ზუსტად ისეთია, ფეისბუქის ქართული არაადეკვატურ სახელიანი გვერდები რომ დებენ და აწერენ: “ლაიქ და შეარ”. ვხვდები(ან თავს ვიმშვიდებ), რომ ეს ნამცხვარი მხოლოდ გარედანაა ლამაზი, აგრეთვე უაზროდ ძვირია და ჩემ წონაზეც უარყოფითად იმოქმედებს.

ვიტრინას ვცდები, მაგრამ ჩემი კუჭი უკვე მესამედ მახსენებს, რომ უკვე 4 საათზე ბევრად მეტი გავიდა ბოლო ჭამიდან. არ ვნებდები, ჩემ ავტობუსს ვხედავ და აღმართზე ჩავრბივარ.

მივასწარი. არ ავსრიალებულვარ.

ავტობუსში თავისუფალ ადგილს ვპოულობ. ეს იმაზე დიდი სასწაულია, ვიდრე ფოტოშოპით ცაზე მიხატული ქრისტე. ვჯდები და ისევ ყურსასმენების გახსნას ვცდილობ. არ გამომდის. ცოტა ხნით ფანჯარაში ვიყურები . აღარ თოვს. მშია. ასე შია მილიონობით ბავშვს, ოღონდ ისინი პურის ნატეხზე ოცნებობენ, მე კი თხუთმეტ ლარიან პატარა ნამცხვარზე. ეგოისტურად ვფიქრობ, რომ ასეთი ფიქრები ჩემს ფსიქიკას ავნებს და ყურადღება სხვა რამეზე გადამაქვს.

თამარ მეფის ხიდზე საცობია (როგორც ყოველთვის). ყურსასმენები, როგორც იქნა , გავხსენი და ახლა ფრენას ვსწავლობ pink floyd–თან ერთად.

Advertisements