ბონსაი: მცენარის ფორმის,მიმართულების მიცემა და გასხვლა

  • მცენარის ფორმისა და მიმართულების მიცემა

1. დავუშვათ, ჩვენს ხელთაა ახალგაზრდა მცენარე. აქ ძირითადი ღერო უნდა გადაიჭრას, რათა მცენარე გახდეს ჯუჯა (პირველადი გადანაჭერი).

2. ზუსტად პირველი გადანაჭრის ქვემოთ ვითარდება ახალი ამონაყარი.

3. ახალ ამონაყარზე კეთდება მეორე გადანაყარი. აქ ამოდის მესამე ამონაყარი. ეს პროცესი უნდა განმეორდეს ყოველ წელს, რაც მცენარეს ჯუჯა ფორმას შეუნარჩუნებს.

4. ახალგაზრდა მცენარისთვის სწორი ფორმის მისაცემად მასზე შეგვიძლია წვრილი მავთული შემოვახვიოთ.

  • გასხვლა

პატარა ზომის ახალგაზრდა ხეებზე სპილენძის მავთულის დახვევა რეკომენდირებული არ არის. 1 ან 2 წლის ხეები უნდა გაისხვლას კვირტის გაშლამდე, ძირიდან სამ მერვედ ან სამ მეოთხედ სანტიმეტრამდე. ამგვარი გასხვლა უნდა განმეორდეს 4-5 წლის განმავლობაში, რის შედეგადაც ღერო საინტერესო ფორმას იღებს. თითოეული უმცირესი ზომის რორი, რომელიც ქვემოთა მხარეს იწყებს ზრდას უნდა “გაიქაჩოს”, ვიდრე არ დაგრძელდება, ხოლო ახალგაზრდა ტოტი, რომელიც გრძლად იზრდება, თითების ფრთხილი დაწოლით უნდა დამუშავდეს, რათა ზრდა შეწყვიტოს.

ფორმის მისაცემად სპეციალური დამუშავება სჭირდება აყვავებულ ხეს. ამგვარ ხეთა ყლორტები და ყვავილოვანი წამონაზარდები უნდა დაიმყნოს ივნისის დასაწყისში (იაპონიაში ეს პერიოდი წვიმიანია და ახალგაზრდა ყლორტები უფრო მაგრდებიან). თითოეულ ყლორტზე მხოლოდ ორიოდ კვირტი უნდა დარჩეს. ამ კვირტებიდან ახალი ტოტები გაიზრდებიან ივლისსა და აგვისტოში. მათი ხელის ხლება არ შეიძლება შემოდგომამდე. ნოემბერში ისინი უნდა შემოკლდნენ და დარჩეს მხოლოდ ჩამოყალიბებული (ფორმირებული) რამოდენიმე საყვავილე კვირტი. თუ მცენარე მთელი სეზონის განმავლობაში მზეზეა, მაშინ არავითარი სპეციალური ზომების მიღება არაა საჭირო კვირტების გასაშლელად.

  • გასხვლის წესები

1. ერთწლიანი ნათესარი, მზადაა გასასხლავად და ღეროს ფორმის მისაცემად.

2. ორწლიანი ნათესარი: აღმავალი ტოტები უნდა მოიჭრას, ძირითადი ღერო უნდა დარჩეს.

3. ასევე გასხვლის შემდეგ ივლის ფორმას სამწლიანი ხე.

4. ოთხწლიანი ხის ღერო კი იწყებს ულამაზესი ფორმის მიღებას (ზიგზაგისებურს).

Advertisements

ბონსაი-ნიადაგი


ჯუჯა მცენარისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის ხარისხს. გავითვალისწინოთ აგრეთვე ინდივიდუალური მიდგომის საკითხიც-შესაძლებელია ერთი სახის სასუქით განოყიერებული ნიადაგი გამოადგეს ერთ მცენარეს, მეორეს კი-არა.
ნიადაგი უნდა შეიცავდეს მინერალურ და ორგანულ ნივთიერებებს და, აგრეთვე “ფორებიან სივრცეს” არა უმცირეს 50 პროცენტისა. იაპონელებს წესად აქვთ თიხიანი მიწის გაცრა და იმდენ ნაწილად გაყოფა, რამდენი მცენარეც გააჩნიათ.
ამერიკელები კი უფრო მარტივად უდგებიან ამ საკითხს. ისინი უბრალოდ ცვლიან ცუდად დამუშავებულ ქვიშიან და ნეშომპალიან ნიადაგს თიხაშერეული ნიადაგით.დაიმახსოვრეთ, ნარგავებიდან ან საძოვრებიდან აღებული ნიადაგი ჯობია ყანიდან ან ბოსტნიდან აღებულს.

აღებული ნიადაგი 3-4ჯერ უნდ გაიცრას. შემდეგ გაშალეთ მზეზე-კარგად გამოსაშრობად. უმჯობესია ნიადაგი ხმარებამდე გაასტერილოთ, რათა თავიდან აიცილოთ მასზე მავნე ორგანიზმების ან სხვა დაავადებების უარყოფითი ზემოქმედება. ქოთანში დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებული მიწა არ არის სასურველი, რადგან მისი სტრუქტურა დარღვეულ იქნება.
ჯუჯა მცენარის ქოთანი აუცილებლად უნდა იყოს კარგად დრენირებული. ამისთვის ქოთანს ძირში ჩაუდეთ სპილენძის ბადე, ზედ დაყარეთ წითელი თიხანარევი, ბრინჯის ზომაზე გაცრილი ნიადაგი; მთლიანად ქოთანი შეავსეთ სასუქით განოყიერებული, ფეტვის მარცვლის ზომის მიწით.
ხარისხიანად გაცრილი ფხვიერი ნიადაგი და კარგი დრენაჟი ზომიერად ატარებს წყალს. ჭარბი წყალი იმწამსვე გამოედინება ქოთნის ფსკერზე მოთავსებულ სადრენაჟო წერტილიდან. ამ საქმის მოყვარულთათვის სასარგებლოა იმის ცოდნაც, რომ ნოყიერი, თიხანარევი ნიადაგი საუკეთესო საშუალებაა ჯუჯა მცენარეთა გახარებისთვის. თუმცა, დამწყებმა, უმჯობესია თვითონ მოსინჯოს სხვადასხვა სახის ნიადაგი. არ არსებობს იმაზე უკეთესი მასწავლებელი, ვიდრე… ექსპერიმენტი.

ბონსაი-დარგვა(ნაწ. 2)


დარგვის აუცილებელი პირობაა:
1)ველური მცენარის ფესვები უნდა მიემართებოდეს ყველა მიმართულებით.
2)პირველ რიგში, ნაწილობრივ ჩამოაჭერით ძირითადი ფესვი.
3)შემდეგ ჩამოაჭერით დანარჩენი მიმართულებით წამოზრდილი ფესვები ისე, რომ საღი და მაგარი ნაწილი ფესვებისა დარჩეს.
4)ამოარჩიეთ მთავარი ყლორტი, დანარჩენი კი ჩამოაჭერით.

ასე შემოჭრილი ხე უბადრუკად გამოიყურება, მაგრამ რამდენიმე წელიწადში იგი იქცევა მშვენიერ ჯუჯა მცენარედ.
დამოუკიდებელი ჯუჯა მინიატურის შესაქმნელად კარგი იქნებოდა იმ მცენარეების გახარება, ტომლებიც გადაწვენით მრავლდებიან. ადრეულ გაზაფხულზე, როდესაც ხეები უფრო აქტიურად იზრდებიან, ფესვზე აღმოცენებულ ხის ძირითად ტოტს ჩამოაჭერით წამოზრდილი ერთ-ერთი საღი რტო. აყვავებულ რტოს შემოაცალეთ ქერქი ირგვლივ 2-2,5სმ. სიგრძეზე. ჭრილობა დაუფარეთ კარგად დანამული ტორფოვანი ხავსით ან ნოყიერი მიწით. შემდეგ ადგილზევე შემოავიეთ პლასტიკური ფურცელი. თავი და ბოლო ნაწილი ამ ფურცლისა მჭიდროდ შემოუკარით, რათა დაიცვას ხის ჭრილობა ხშირი მორწყვისგან. თვენახევარში ხის ამ შემოკრულ ნაწილში, განვითარებას იწყებენ ახალი ფესვები, ხოლო 2 თვეში ტოტი მზად იქნება მოსაჭრელად და ქოთანში გადასარგველად.

ბონსაი-დარგვა(ნაწ. 1)


ჯუჯა მცენარეები შეგიძლიათ კალმით, თესლით ჩარგვით ან ველური ყვავილების მსგავსად-ჯგუფური გადანერგვით მოაშენოთ:
1.აიღეთ მცენარის ტოტი, მჭრელი მაკრატლით ირიბად ჩამოჭერით ბოლო ნაწილი და გადაწვენით ღრმად ჩარგეთ ქოთნის შუა ნაწილამდე, ისე რომ სასუქი არ მოახვედროთ. შემდეგ მოათავსეთ ნახევრად მზიან ადგილას. დროდადრო ფოთლები წყლით დაუნამეთ. უმეტესობა მცენარეებისა კალმით მრავლდება, კვირტების გამოღებისას, გაზაფხულზე…

2.პაწია ნერგების მისაღებად თესვა დაიწყეთ ადრულ გაზაფხულზე, ისეთსავე ნიადაგში, როგორშიც ხდება ამ მცენარეების კალმით გამრავლება. ნათესს ერთი წლის განმავლობაში მოუარეთ ოთახის პირობებში, შემდეგ კი განაცალკევეთ და გადარგეთ ცალკეულ ქოთნებში.
მცენარეების ჯუჯად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესოა 4-5 წლიანი ველური მცენარის ნერგები, რომელიც შეგვიძლია შევაგროვოთ მათი ბუნებრივი განვითარების ადგილას.

თქვენთვის საჭირო მცენარე ფრთხილად ამოთხარეთ ფესვიანად, ისე რომ არ დაუზიანოთ ძირითადი ფესვი. შემოახვიეთ ნოტიო ხავსი ან გაზეთი და ისე წამოიღეთ. პირველ წელიწადს ნერგი დარგეთ უფრო დიდ ქოთანში, ვიდრე ეს საჭიროა ჯუჯა მცენარისათვის. კარგია, თუ ეს მოხდება გაზაფხულზე, როდესაც ველური ხეები იწყებენ აყვავებას. წელიწადის სხვა დროსაც შეიძლება მათი ჩარგვა, იმ შემთხვევაში, თუ მათ ამოთხრით ნიადაგიდან ფესვებიანად, შემდეგ კი სათუთად მოუვლით.

ბონსაი-მორწყვა


ზრდა დასრულებული ჯუჯა მცენარე მრავალი წლის მანძილზე გაწეული ზრუნვისა და მოთმინებით აღსავსე მოვლის შედეგია. თუ ჯუჯა მცენარეს ბაღში ან აივანზე ზრდით, ნუ უგულევებელყოფთ მათ ყოველდღიურ მორწყვას. ისინი საჭიროებენ დღეში 3-ჯერ მორწყვას, ზაფხულობით კი 7-ჯერაც. ეს დამოკიდებულია ამინდზე.

ყოველი მორწყვა მცენარეს სამჯერ ასველებს:
1.პირველად იჟღინთება მხოლოდ მიწის ზედაპირი.
2.მეორედ წყალმა უნდა ჩააღწიოს ჭურჭლის შუა ადგილამდე.
3.მესამედ კი ისე უნდა გაჟღინთოთ მთელი მიწა, რომ წყალი გამოვიდეს ნიჟარის ან ქოთნის ფსკერში გაკეთებული ხვრელებიდან(დარგვისას არ დაგავიწყდეთ სადრენაჟო სისტემის გაკეთება)

ხშირი მორწყვა-ეს არის ძირითადი პირობა მცენარის გასაზრდელად; ამავე დროს ამ არც თუ ძალიან მძიმე საქმეში სათანადო ზომიერების გამოჩენა უჭირთ ახალბედებს, ისინი იმდენად გულმოდგინედ რწყავენ, რომ მცენარე იღუპება მეტისმეტი ტენისაგან.

ბონსაი-შესავალი


ჯუჯა ხეების გახარება რომ შეძლოთ, საჭიროა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს მცენარის დარგვისა და მოვლის საერთო წესები; ამას ემატება ის მცირეოდენი განსხვავება, რასაც მოითხოვს ჯუჯა მცენარე მისი ფორმისა და სტილის შესანარჩუნებლად.
ახალბედებისთვის არ არის აუცილებელი ექსპერიმენტის დაწყება კარგად დაუშავებული ნერგით; თავდაპირველად სავარჯიშოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ რომელიმე ველური ბალახოვანი მცენარე-ბაბუაწვერა, ღიღილო ან სხვა ყვავილი, რომელიც თქვენთვის უფრო ხელმისაწვდომია.

იაპონელები საუკუნეების განმავლობაში ხვეწდნენ ჯუჯა მცენარეების გამრავლების კულტურას, სანამ ეს საქმე ბოლოს და ბოლოს არ აქციეს ჭეშმარიტ ხელოვნებად. იაპონური სიტყვა-“ბონსაი”-ნიშნავს მინიატურულ ქოთნის მცენარეს.

მივყვებით რა მინიატურიზმის პრინციპებს-ჯუჯა მცენარეების ფესვების გაზრდას შევზღუდავთ, ჭურჭლის ზომის შეზღუდვით და მცენარის იმ ნაწილის გონივრული შემოჭრით, რომელიც მიწის ზემოთ არის მოქცეული. საერთოდ, ყველა მცენარე შეგვიძლია ვაქციოთ ჯუჯად…